იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომლებიც საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით მიიღო.

გზა 2008 წლიდან 2021 წლის წარმატებულ ფინალამდე: 13-წლიანი სახელმწიფოთაშორისი დავის დეტალებზე იუსტიციის მინისტრი ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობს. გოჩა ლორთქიფანიძე ყვება, როგორ აგროვებდა აგვისტოს ომის საქმეზე ქართული მხარე რუსეთის მიერ ქართული დასახლებული პუნქტების დაბომბვის და ეთნიკური წმენდის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, როგორ აჯერებდა ამ მასალებს მოწმეთა ჩვენებებთან და როგორ ამოიღეს წლების შემდეგ გორში ხეებიდან და კედლებიდან „ისკანდერის“ ნამსხვრევები. ოფიციალური თბილისი აპირებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავის საქართველოს სასარგებლოდ დასრულება პოლიტიკურთან ერთად ყველა სამართლებრივ ფორმატშიც გამოიყენოს. მათ შორის ჰააგის სასამართლოში, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე დანაშაულების ჩამდენი პირები ინდივიდუალურად უნდა გამოავლინოს. სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს ჰააგის მიმართაც ოპტიმისტური მოლოდინები აქვს.