იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გვიან ღამით დასრულდა. რატი ბრეგაძე ერთ-ერთი იყო სამ მინისტრსა და პრემიერს შორის, რომლებიც ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით. ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელზე პასუხსაც „ნაციონალური მოძრაობა“ რატი ბრეგაძისგან ითხოვდა. იუსტიციის მინისტრმა პენიტენციურ სამსახურში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ერთი პატიმრის მდგომარეობა აღელვებს. საკანონმდებლო ორგანოს სამი მინისტრი და მთავრობის მეთაური სტუმრობდა.

საქართველოს ევროპული მომავალი, ეკონომიკური ვითარება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ამ თემებზე ტრიბუნა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიკავა, შემდეგ დეპუტატების წინაშე ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის მეთაური გამოვიდნენ. საპარლამენტო მოსმენის დღე კი იუსტიციის მინისტრმა დაასრულა.