იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიუ იორკში შეხვედრებს მართავს

რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია – ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომის სტატუსის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე.

გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

აღინიშნა, რომ საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.