იუსტიციის მინისტრის განცხადება

თბილისი კიევის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

იუსტიციის მინისტრისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება კატეგორიულად მიუღებელია. რატი ბრეგაძე ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს უმაღლეს დონეზე დაცულად აცხადებს და სამოქალაქო კლინიკაში მყოფ პატიმარს მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაცია შეასრულოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი რაოდენობის საკვები მიიღოს. მინისტრის მტკიცებით, ექს-პრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს და შეთავაზებულ მკურნალობასა და კვებით რაციონზე უარს ამბობს. წამების ბრალდების საპასუხოდ ქართული მხარე კიევს კონკრეტულ მტკიცებულებებს სთხოვს და უკრაინას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებს, რომლის მიხედვით სტრასბურგში სამკურნალოდ ექს-პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება ვერ დაინახეს.