იურიდიული კომიტეტის ხმაურიანი სხდომა

პარლამენტი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრია.

„ქართული ოცნების“ რეზონანსული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფიზიკური თავდასხმა, დეპუტატების გაძევება, სიტყვიერი შეურაცხყოფა – ხმაურიანი აღმოჩნდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველივე სხდომა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. მმართველი გუნდი უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე ერთი წლის წინ გაწვეულ და ხელახლა წარდგენილ ინიციატივას დაფინანსების გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაცვის აუცილებლობით ასაბუთებს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში შავი ფულის მოძრაობაზე მიუთითებს და ცალკეულ დონორ ორგანიზაციებს არასამთავრობო სექტორის საშუალებით პოლიტიკური პროცესების და რადიკალიზმის ფარულად დაფინანსებაში ადანაშაულებს. ვისზე გავრცელდება სადავო კანონი – ეს ერთ-ერთი მთავარი სადავო თემაა. ინიციატორები დღეს ცდილობდნენ, ოპონენტები დაერწმუნებინათ, რომ პროექტი ამერიკაში მოქმედ „ფარას კანონზე“ და ევროკავშირში ინიცირებულ რეგულაციებზე რბილია და არაფერი საერთო არ აქვს რუსეთში წლების წინ მიღებულ კანონთან. ოპოზიცია ინიციატივას „რუსულ კანონად“ აცხადებს და მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამორიცხავს. პროექტს აკრიტიკებს მესამე სექტორიც, რომლის წარმომადგენლები დღევანდელ განხილვაში მონაწილეობდნენ.

თეონა მანაგაძე ადევნებდა თვალს რამდენიმე საათიან ხმაურიან განხილვას, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.