იულია სუსლიაკი აზერბაიჯანიდან საქართველოში არ შემოუშვეს

უკრაინის მოქალაქეს, იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ის ქართველმა სამართალდამცველებმა ისევ აზერბაიჯანში გააბრუნეს. მიზეზი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინის მოქალაქეს არც შესაბამისი ფინანსური სახსრები და არც სამოგზაურო დაზღვევა ჰქონდა, ასევე, არ იძლეოდა ზუსტ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი საქართველოში ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, სუსლიაკის საქმე უკრაინის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.

არსებული ინფორმაციით, სუსლიაკი ბაქოდან თბილისში მოდიოდა და ხვალ ადვოკატთან ერთად ბრიფინგის გამართვას აპირებდა.