საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს იტალიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას, – ამის შესახებ აღნიშნულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იტალიამ ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას.
„საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს საქართველოს მდგომარეობის შესახებ, იტალიამ კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო ძალადობის ყველა შემთხვევა, რაც ქვეყანაში ბოლო კვირებში მოხდა, მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ წარმოდგენილ ზომებს, მათ შორის სანქციების შეთავაზებას (რომელიც სხვა წევრი სახელმწიფოების კონსენსუსის არარსებობის გამო დაბლოკილი იყო). ჩვენმა ქვეყანამ ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერების წინადადებას, რომელიც დამტკიცდა.
იტალიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ გადაიხედება თბილისის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს მდგომარეობის შესახებ დისკუსიის დროს იტალიამ მხარი დაუჭირა სანქციების შეთავაზებას, ასევე დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერებას