ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში, 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ გატაცებული ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს. მოკლული 65 წლის იეჰუ დიტ ვაისია. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში მდებარე ყველაზე დიდ, ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაციას ამ დრომდე აგრძელებენ. ისრაელის პრემიერის განცხადებით, არსებობდა ძლიერი მინიშნებები, რომ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლები ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოში იმყოფებოდნენ. „ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, საავადმყოფოში შევედით”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ CBS-თან ინტერვიუში. მისი მტკიცებით, როდესაც ისრაელის ჯარები საავადმყოფოში შევიდნენ, იქ მძევლები აღარ იყვნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში, „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. ასევე, მათივე ინფორმაციით, აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს.