ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაახანგრძლივა

ისრაელმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ექვსი კვირით გაახანგრძლივა. პარალელურად კი, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების წვდომაზე შეზღუდვა ამოქმედა. 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირველი ფაზა გვიან ღამით ამოიწურა, ისრაელს „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების დაბრუნება სწორედ ამ ფაზაში სურს. „ჰამასი“ ამის წინააღმდეგია და მეორე ფაზის დასაწყებად მოლაპარაკებების გამართვას ემხრობა. აღსანიშნავია, რომ მეორე ფაზის განმავლობაში, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი პერმანენტულით უნდა ჩაანაცვლონ, ისრაელმა კი, ღაზის სექტორიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს, რის სანაცვლოდაც „ჰამასი“ დარჩენილ ტყვეებს დაუბრუნებს.