ისრაელის ოპოზიცია მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის და ოთხი არჩევნების შემდეგ ისრაელის ოპოზიცია ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა.

მომავალ კოალიციაში ისრაელის პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი შედის. პირველად ქვეყნის ისტორიაში, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში პროარაბული პარტიაც იქნება. შეთანხმების მიხედვით, მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში პირველი ორი წელი პრემიერ-მინისტრის პოსტს ნეთანიაჰუს ყოფილი მოკავშირე და ექს-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი დაიკავებს, ბოლო ორი წელი კი მთავრობას მთავარი ოპოზიციური ცენტრისტული პარტიის ლიდერი, იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს. ბენეტისა და ლაპიდის პარტიების გარდა კოალიციურ მთავრობაში კიდევ ექვსი პარტია იქნება. შეთანხმებას ახლა ქნესეთის მხარდაჭერა სჭირდება, სწორედ მასზეა კოალიციის დამტკიცება დამოკიდებული. ქვეყნის მოქმედი პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, ახალ კოალიციას მხარი არ დაუჭიროს. საკითხის ჩაგდების შემთხვევაში ბოლო ორ წელში ისრაელში უკვე მეხუთე არჩევნები დაინიშნება.