ისრაელელი მძევლების გათავისუფლება პარასკევამდე გადაიდო

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება ომში ოთხ-დღიანი პაუზის შესახებ, დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს პარასკევამდე არ გაათავისუფლებს. შეთანხმების თანახმად, „ჰამასის“ მიერ აყვანილი 50 მძევალი გათავისუფლდება, ხოლო სანაცვლოდ, ისრაელი 150 პალესტინელ ქალსა და მოზარდს გაათავისუფლებს. საომარი მოქმედებების შეჩერების მოლოდინში, ახლა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები რაფას გამშვებ პუნქტზე რიგში დგანან. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი „აბსოლუტურ გამარჯვებას“ მოიპოვებს „ჰამასზე“. ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი „ნელა, მაგრამ აუცილებლად“ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო სტრუქტურას. ისრაელის არმია „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებს ამ დრომდე ბომბავს.