ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დისტანციურად გაიმართება.

სხდომაზე ადვოკატები პროცესის სასამართლო დარბაზში გამართვის შუამდგომლობასთან ერთად, ამ საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ. კერძოდ, ადვოკატები გეგმავენ, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდნენ, ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ხუსკივაძეს და კობალაძეს  ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.  პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია ბრალდებულების მიმოწერაზე, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით,  რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მას დააპატიმრებდნენ. ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.