ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში - ელენე ნიჟარაძის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ არჩევნების დაზუსტებულ შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

ცოტა ხნის წინ დამატებითი განმარტებები გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა. ელენე ნიჟარაძე საუბრობს გამოვლენილ ხარვეზზე და ამასთან ამბობს, რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, საარჩევნო უბნების ოქმების რვა %-ში აღმოჩენილ დისბალანსში გამოიხატა.