ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი. ის პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.