ირმა ინაშვილის პასუხი „ევროპულ საქართველოს“

პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა.

როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს, საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებასა და  პლატფორმა ,,დოსიეზე” გამოქვეყნებულ სტატიას. ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ “პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები უწევენ, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ  რვა მილიონი დოლარი რუსული დაფინანსება მიიღო.  ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, რუსული დაფინანსების მიღებას უარყოფს და განმარტავს, რომ გამოცემა „დოსიემ“ ყალბ დოკუმენტებზე დაფუძნებული სტატია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დაკვეთით გამოაქვეყნა.

როგორც ინაშვილი აცხადებს, იგი თავად აპირებს პროკურატურას მიმართოს განცხადებით, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ძალებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოთ.