IRI-ის გასაიდუმლოებული კვლევის შედეგები
ამ დრომდე გასაიდუმლოებული კვლევა, რომელმაც ქართული ოპოზიციური სპექტრისთვის არასახარბიელო სურათი აჩვენა.
ოპოზიციის ნაწილი უკომენტაროდ ტოვებს „აიარაის“ გამოკითხვის არაოფიციალურად გავრცელებულ შედეგებს, რომელთა მიხედვით ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. მიმართვის მიუხედავად, მეორე დღეა, დუმს ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიც. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება შეკითხვა, ვისი დაკვეთით ჩატარდა და რატომ არ გამოქვეყნდა ოფიციალურად მონაცემები, მაშინ როცა წინა წლებში მსგავს კვლევებს ოფიციალური პრეზენტაციები ეძღვნებოდა. თუ „აიარაის“ მიერ ბოლოს, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ჩატარებული კვლევის შედეგებს გავითვალისწინებთ, „ქართულ ოცნების“ რეიტინგი 11 პუნქტით არის გაზრდილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი კი რვა პუნქტითაა შემცირებული, 3%-საც ვერ აღწევს იმ პარტიების რეიტინგი, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს – მათგან ერთ-ერთი კვლევაში საერთოდ ვერ მოხვდა. სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემია იმავე ორგანიზაციის მიერ 2016 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით – ოპოზიცია, რომელსაც მანამდე ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებთან პრეტენზია არ ჰქონია, ახლანდელ შედეგებს არარეალურად აცხადებს, ნაწილი კი თემაზე საუბარს საერთოდ გაურბის.
იყო თუ არა ბოიკოტის გზა მცდარი, გადაიხედება თუ არა კვლევის შედეგების საფუძველზე ოპოზიციური დღის წესრიგი და რა ტენდენციები აჩვენა ახალმა გამოკითხვამ – სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.