IRI-ის ანგარიში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საბოლოო დასკვნას, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. მხარეები დოკუმენტს სხვადასხვაგვარად კითხულობენ. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო გარემო იყო უმეტესად მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული, ძალადობის რამდენიმე შემთხვევით. ტექნიკური შეფასების ანგარიშში ასევე საუბარია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, თუმცა აღნიშნულია, რომ მათ მასშტაბს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ანგარიშში წერია, რომ „ოპოზიციურმა პარტიებმა, დედაქალაქში დააარსეს ხმების დაცვის ოპოზიციური ცენტრი, რომლის მიზანი იყო ყველა საჩივრისა და არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევების ცენტრში თავმოყრა. მართალია, ეს ყველაფერი ინოვაციური ხასიათის იყო, ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების სისტემატიურად შეგროვება მათი საჩივრების დასადასტურებლად. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები მომავალი საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად.