ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება – ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 83 ადამიანი. მასობრივი პროტესტი ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციები უკვე მთელ ირანს მოედო. მოქალაქეები ადამიანთა და განსაკუთრებით ქალთა უფლებების დასაცავად გამოვიდნენ ქუჩებში, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის მედიის 28 წარმომადგენელი. გასულ კვირაში საპროტესტო აქციებს ირანის პრეზიდენტი გამოეხმაურა. მისი თქმით, თეირანმა გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.