ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა
  • ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა. შემზღუდავი ზომები მიმართულია უპირველეს ყოვლისა, სანავთობო და საბანკო სფეროების წინააღმდეგ. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სანქციების ეს პაკეტი ყველაზე მკაცრია აქამდე ირანის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს შორის. ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მზადაა, ირანთან ახალი შეთანხმების გასაფორმებლად. მისი თქმით, ვაშინგტონის მიზანია, თეირანი მარტივი არჩევანის წინაშე დააყენოს, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე და ამით შეწყვიტოს მავნებლური ქმედება ან გააგრძელოს გზა ეკონომიკური კატასტროფისკენ.
  • კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი აქტივისტი, კატერინა განძიუკი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 33 წლის აქტივისტს უკრაინის ქალაქ ხერსონში, 31 ივლისს მჟავა შეასხეს. თავდასხმის შემდეგ განძიუკს სხეულის 40% დაეწვა. მას 11 ოპერაცია ჩაუტარდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავდამსხმელების დასჯა მოითხოვა. ამჟამად პატიმრობაში ხუთი ეჭვმიტანილია. სექტემბერში აქტივისტმა, რომელიც ასევე იბრძოდა რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატიზმის წინააღმდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უკრაინელებს ყოვლისმომცველი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. განძიუკის მკვლელობის შემკვეთების დასჯისკენ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას აშშ-ის მთავრობამ.
დატოვე კომენტარი