„ირანის რევოლუციური გვარდიის ინფორმაციით, კატარში განლაგებულ ალ-უდეიდას საჰაერო ბაზაზე ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, – ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გამო“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირანმა კატარში მდებარე ამერიკულ ბაზაზე საპასუხო იერიშის მიტანამდე გააფრთხილა ამერიკაც და კატარი, რის გამოც კატარმა საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ ირანმა ეს ნაბიჯი მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად გადადგა. თავდასხმას ზიანი არ მოჰყოლია. ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ირანმა კატარის მიმართულებით 14 რაკეტა ისროლა, აქედან 13 ჩამოაგდეს, ხოლო ერთი თავისუფლად გაუშვეს, რადგან არავის საფრთხე არ ემუქრებოდა. ტრამპმა თრუს სოშიალზე დაწერა, რომ სურს მადლობა გადაუხადოს ირანს ადრეული გაფრთხილებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ არავინ დაღუპულიყო და დაშავებულიყო. „შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობასა და ჰარმონიაზე რეგიონში და მე ენთუზიაზმით მოვუწოდებ ისრაელს ამავეს გაკეთებისკენ.“- წერს დონალდ ტრამპი.