ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე - საერთაშორისო გამოხმაურებები

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ურყევია. ბაიდენმა დაადასტურა ის ვალდებულება, რომელიც ამერიკას აქვს ისრაელის უსაფრთხოებისადმი, როდესაც საქმე ირანისა და მისი მარიონეტებისგან მომავალ საფრთხეებს ეხება. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შტატები არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ისრაელის შეტევაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ასევე დაუჭირა მხარი ისრაელს და დაგმო ირანის თავდასხმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თქმით, თავდასხმა აჩვენებს, რომ ირანს რეგიონში ქაოსის გამოწვევა სურს, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. არავის უნდა მეტის სისხლისღვრის ხილვა, – აცხადებს რიში სუნაკი. განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც. მათ ირანის ქმედებები დაგმეს და მომხდარს უპრეცედენტო ესკალაცია უწოდეს. ირანის თავდასხმა დაგმო გაერო-ს გენერალურმა მდივანმაც.