ირანის საჰაერო თავდასხმა ისრაელზე

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, ისრაელი საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მთავრობაში ადასტურებენ. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, თავდაცვის ძალებმა წუხელ 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატისა და რაკეტის განადგურება შეძლეს. თეირანი კი აფრთხილებს ისრაელსა და მის მოკავშირეებს, რომ მის ინტერესებზე განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ უფრო მასშტაბური ქმედებებისათვის არის მზად. სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვის მოწოდებებით გამოდიან. დღესვე ირანის ოპერაციის შესახებ დიდი შვიდეულის ლიდერები იმსჯელებენ. დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაც.