ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს ამჯერად ბუტა რობაქიძის საქმეზე ედავება. პროკურატურის ვერსიით, ოქრუაშვილმა, რომელიც მკვლელობის დღეს, ანუ 2003 წლის 23 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, დანაშაულის ადგილზე მტკიცებულებები გააყალბა. ამ ვერსიას ბრალდების მხარე საქმის სხვა ფიგურანტების ჩვენებებით და სატელეფონო ამონაწერებით ამყარებს. პროკურორს დღეს გვარები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ოქრუაშვილის ადვოკატმა არ უარყო, რომ ექს-მინისტრის საწინააღმდეგო ჩვენებები საპატრულო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ზურა მიქაძემ და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გურამ დონაძემ მისცეს. თავის დროზე რობაქიძის საქმეზე თავად ოქრუაშვილიც არის დაკითხული, მაშინ მან საქმესთან რაიმე შემხებლობა კატეგორიულად უარყო.

დღევანდელმა სასამართლო პროცესმა ბრალდებულის გარეშე ჩაიარა.