ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი

საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელს ქონების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დააყადაღებს თუ არა „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორმას“ წილებს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს პარასკევს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. იმისთვის, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაშმა ვერ შეძლოს „რუსთავი 2“-ის წილის გასხვისება, ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

ორ კერძო სუბიექტს შორის საკუთრების უფლების დავაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოცხადდება და ის მხარეებისთვის გახდება ცნობილი. ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.