თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება.
ოქრუაშვილი სასამართლოში ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილთან ერთად მოვიდა. თავად ოქრუაშვილმა თქვა, რომ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს. მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა კი განმარტა, რომ ოქრუაშვილი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, მაგისტრ მოსამართლესთან უნდა დაიკითხოს. ოქრუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.