დაყადაღებულია „ლელოს“ ანგარიშებზე არსებული არა მთლიანი თანხა, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული თანხა, რაც 1500 ლარს არ აღემატება. აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ეხმაურებიან „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ „ლელო საქართველოს“ მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღმასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1 500 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ საბანკო ანგარიში დააყადაღა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ანტიკორუფციული სამსახური განსაკუთრებულად აქტიურად ახორციელებს თავდასხმას პარტიასა და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე.