ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა სენატორ ჯიმ რიშთან გამართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ორ ქვეყანას შორის  სტრატეგიულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე გაკეთდა აქცენტი სენატორ ლინდსი გრემთან გამართულ შეხვედრაზეც. განიხილეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. მანამდე კი ირაკლი კობახიძემ შეხვედრები გამართა კონგრესში და სიტყვით გამოვიდა კონგრესმენ დევიდ პრაისის სახელით გამართულ მიღებაზე. გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიულ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და შეერთებულ შტატებს და კონგრესმენებს საქართველოს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ  შეხვედრაში, რომელიც ლოცვის შემდგომი ტრაპეზის სახელითაა ცნობილი. შეხვედრას სიტყვით გამოსვლით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახსნის.