ირაკლი კირცხალიას განცხადება

15:08, 10.08.2026

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით წერს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია. კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები იმ მოდელით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ასეთი დამთხვევების არ მჯერა, – ვკითხულობთ კირცხალიას  განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და რადიკალური განწყობები გაღვივდა მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. ყველამ იცის, რომ „სუხიშვილებმა“ 2013 სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს, დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ, პეტერბურგის ფილარმონიაში, სიმფონიურმა ორკესტრმა ორი კონცერტი ჩაატარა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა.

გვერდს ვერ ავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ, ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც, იმის გარდა, რომ „რუსი ბანის“ სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა.  ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს, როგორ არ ამბობდნენ კონკრეტული მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, პარალელურად კი „ნაცმოძრაობას“ რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.

მსგავსი