ირაკლი ღარიბაშვილის წერილი – გამოხმაურება

12:08, 30.09.2026

ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მეორედ დანიშვნის პერიოდს იხსენებს. ის განმარტავს, როგორ გადალახა არაერთი დაბრკოლება მან და მისმა გუნდმა პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც იყო კოვიდპანდემია, ჩაკეტილი ქვეყანა და დაკეტილი ეკონომიკა, მისი თქმით, ქვეყანა „დეფოლტის“ საფრთხის წინაშე იდგა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მაშინ მიატოვა გიორგი გახარიამ, როდესაც მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. მისივე თქმით, პრემიერად დანიშვნისთანავე უმოკლეს დროში გაამყარა გუნდი, დაასტაბილურა ვითარება და გუნდთან ერთად, ქმედითი და რისკიანი ნაბიჯები გადადგა.

ირაკლი ღარიბაშვილი წერილში ხაზს უსვამს, რომ თავიდან მოხდა დესტაბილიზაციისა და სააკაშვილის მონაწილეობით რევოლუციის მოწყობის მცდელობის აცილება. ის რუსეთ-უკრაინის ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ურთულესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, მტკიცედ მოხდა ქვეყნის დაცვა და დესტაბილიზაციისა და ომის თავიდან აცილება. ხაზს უსვამს, რომ მისი მმართველობის პერიოდში მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით განაცხადის შეტანა და 2023 წლის დეკემბერში გუნდის საერთო ძალისხმევით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კითხვას სვამს, მას შემდეგ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა.

მსგავსი