ირაკლი ღარიბაშვილის ორი განსხვავებული წერილი
დაპატიმრებიდან შვიდი თვის შემდეგ დარღვეული დუმილი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც თვეების წინ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდება აღიარა და ხუთწლიანი საპროცესო შეთანხმება გააფორმა, უკვე დღეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზად მის პოლიტიკურ განადგურებას ასახელებს და თავის დროზე სამართლებრივ ბრძოლაზე უარს გუნდთან არ დაპირისპირების სურვილით ხსნის.
ექს-პრემიერი ამტკიცებს, რომ პოლიტიკაში არ დაბრუნების გარანტად მისგან კორუფციის ახალი საქმის აღიარებას ითხოვენ, რასაც წითელ ხაზად მიიჩნევს. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი შინაარსის ნაბეჭდი წერილის ავტორად ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეს აცხადებს, წერილის გაგზავნის დროდ კი ივლისს ასახელებს. პირველისგან გასხვავებით, მეორე წერილში ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილი აღარ უხსენებია. როგორც ჩანს, საქმეს გაგრძელება ექნება, რადგან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბრძოლის დაწყება დააანონსა, ადვოკატმა კი დღეს თქვა, რომ ორგზის პრემიერი განცხადებებს მომავალშიც გაავრცელებს. უკვე გაკეთებული განცხადებების შინაარსი, მით უფრო თვეების წინ აღიარებული ბრალის ფონზე, ლოგიკას მოკლებულია მმართველი გუნდისთვის, რომელიც მთავრობის ყოფილი მეთაურის გზავნილებში ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს.