ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება და გზავნილები ევროპარლამენტიდან

დღევანდელი დიალოგის დაწყებამდე პოლიტიკურმა ლიდერებმა ბრიუსელიდან ახალი და მკაფიო გზავნილები მიიღეს.

ევროპარლამენტიდან და ევროკომისიიდან საერთო მოწოდებაა, რომ კრიზისი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განიმუხტოს, პოლიტიკოსებმა შესაძლოა არაპოპულარული, მაგრამ ხალხის ინტერესებზე მორგებული ნაბიჯები უნდა გადადგან და პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მაღალი დონის შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში ჰქონდა. საერთაშორისო დასკვნებზე დაყრდნობით ევროპელი დეპუტატების გზავნილია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. გაკეთდა საყურადღებო მინიშნებებიც, რომ კრიზისის მოგვარების პროცესში ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა დროულად უნდა იყოს გამოყენებული და რომ შესაძლებლობის ფანჯარა შესაძლოა მალე დაიხუროს. დეპუტატი მარინა კალიურანდი პირდაპირ ამბობს, რომ შარლ მიშელის მისიის წარუმატებლობის შემთხვევაში საქართველოსთან თანამშრომლობა შესაძლოა გართულდეს.

 

„მოამბე“ განაგრძობს ბრიუსელში მუშაობას, ანა ბროლაძე აშუქებს ქართული დელეგაციის შეხვედრებს.