ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასაც. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანი დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. საქართველოს პრემიერი ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.