ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ.

ბათუმის საქალაქო სასამართლო აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი დეპუტატების სამოქალაქო დავის განხილვას ასრულებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელებს, ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს სასამართლოში 2015 წელს უჩივლა. მიზეზი, მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის საჯარო განცხადებები გახდა, რომელშიც ჭეიშვილი ნარკორეალიზატორთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ისინი ამბობდნენ, რომ ნარკორეალიზატორი კ. კ. ჭეიშვილმა სარფის საზღვრის გავლით თურქეთში სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანით გადაიყვანა და მისი დაკავება საქართველოში იგივე მანქანით დაბრუნების შემდეგ მოხდა.

ჭეიშვილმა ბრალდება უარყო და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ვასაძეს და დუმბაძეს უჩივლა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მხარეებმა დღეს დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

პროცესს საქმის სამივე მონაწილე ესწრება.

როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.