ირაკლი ბებუა თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა. სუს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.