IPRM-ის ჩაშლილი შეხვედრა - ერიკ ჰოგის შეფასება

ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის ჩაშლილ შეხვედრასთან დაკავშირებით „მოამბესთან“ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელმა. ერიკ ჰოგის თქმით, მსგავსი შეფერხებები დისკომფორტს  ქმნის მოლაპარაკების ყველა მონაწილე მხარისთვის. შესაბამისად, იგი მოუწოდებს მხარეებს, დროულად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას და გააგრძელონ მუშაობა.

IPRM-ის 89-ე ჩაშლილი შეხვედრის უმოკლეს ვადებში აღსადგენად მონაწილეებთან მუშაობას განაგრძობს თავად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფიც. ოკუპირებულ რეგიონებთან ერთადერთი საერთაშორისო მისიის  ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ინციდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა ერთადერთი ხელშესახები მექანიზმია, რომელიც ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას ახერხებს, მათ შორის ფერმერებისთვის საირიგაციო სისტემასა და მიწებზე წვდომის უზრუნველყოფას თუ საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე მუშაობას.