იონას საქართველო - ყველა სერია

სტუდია „ეპოქა“ აკა მორჩილაძესთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს „იონას საქართველო“. XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი – ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით. იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები,
აკა მორჩილაძის პროექტში „იონას საქართველო“.

პროექტის ავტორი და პროდიუსერი: ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი: აკა მორჩილაძე
რეჟისორი: გიორგი ებრალიძე

 

რუსეთში გასახლებული მეფე ერეკლეს ერთ-ერთი შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი ლიტერატურულ საქმიანობას მისდევს და და დიდი წიგნის, „ხუმარსწავლის“ წერას იწყებს. წიგნი თან იმ დროის ენციკლოპედიაა, თან ქვათახევის მონასტრის იპოდიაკვანის იოანე (იონა) ხელაშვილის მოგზაურობა მთელს საქართველოში. იოანემ სარჩო უნდა შეაგროვოს აღორძინებული მონასტრისთვის. ამ კალმასობისას მას გორელი ზურაბა ღამბარაშვილი აედევნება. მოგზაურობა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელიწადს იწყება.


იოანე ქვათახევის მონასტრიდან მოეშურება ქართლის სოფლებისკენ. იმ დროინდელი საქართველოს გასაჭირი და თავად ქვათახევის მონასტრის გასაჭირითა და ძნელბედობით სავსე ამბავი თან სდევს მისი კალმასობის ყოველ ნაბიჯს. თავად იოანეს ცხოვრებაც მისი ქვეყნის ცხოვრებას ჰგავს, სრულიად ახალგაზრდას უკვე ბევრი ჭირი უთმენია.


იოანე და ზურაბა საციციანოს გულისკენ, სოფელ ხვედურეთისკენ გასწევენ და განთქმული მდივანბეგის ნიკოლაოს ციციშვილის დაბადების დღის სუფრაზე, გაქანებულ ღვინის სმაში აღმოჩნდებიან. ცხინვალს მისულნი კი თავად მაჩაბელს დაეხმარებიან ურჩი შვილის გონს მოსაყვანი წერილის დაწერაში. ფალავანდიშვილებისას სტუმრობა კი, იოანეს დიპლომატიის რაობაზე მსჯელობაში ჩააბამს.


კალმასობა უხიფათო საქმე სულაც არ გამოდგება. თუკი, ამირეჯიბის მამულში მახვილგონიერი და ხალისიანი სადილობა მიმდინარეობს, მროველი ეპისკოპოსი იმ სირთულეების შესახებ უამბობს იონეს, რაც მის ყოველდღიურობას ახლავს, ხოლო აბაშიძეებთან სტუმრად მყოფი იოანე, იქ გასაყიდად დაბორკილ ტყვეებს ნახავს და თავადაც მოტაცების და ოსმალეთში გაყიდვის საშიშროებას დაინახავს.


სურამის გზაზე იოანე და ზურაბა მეფე ერეკლეს განთქმულ მებრძოლს, მოხუცებულ ქაიხოსრო მურმანიშვილს გადაეყრებიან და მისი წარსული ვაჟკაცობის ამბები ერეკლეს მიერ თბილისის აღების გმირულ სურათებსაც აცოცხლებს. დაქანცული, ხიფათგამოვლილი მოკალმასენი საამილახვროს უწევენ და იქ გივი ამილახვრის ძველ გალავანში შეაბიჯებენ.


იოანესა და ზურაბას საამილახვროში სტუმრობა თვით გივი ამილახვრის დაუვიწყარ თავგადასავალს და მისი დროების საქართველოს გვახსენებს. ასევე, ანტონ კათალიკოსის სიჭაბუკისდროინდელ სიყვარულის ისტორიას, რომელმაც ის ბერობის გზას შეუყენა. ქვემო ჭალიდან გამოსული მგზაურები გზად ქსნის ერისთავს გადაეყრებიან, რომლის ოჯახის წევრებსაც მანამდე ძლივს გადაურჩნენ.


მუხრანში მისულ იოანესა და ზურაბას იქ ერემია მუხრან-ბატონმა უმასპინძლა და როცა საუბარი სამხედრო საქმეს შეეხო, იოანემ სცადა თანამედროვე სამხედრო საკითხებში გაერკვია მასპინძელი, რომელსაც უფრო ძველებური ქართული ლაშქრობისა სწამდა. აქედან კი საუბარი ასპინძის ომსაც მისწვდა.


დიდად განიხარა იოანემ, როცა მოგზაურებმა უწიეს მცხეთას და იქ კი გედევანიშვილები, სვეტიცხოვლის ოდინდელი მცველები დაუხვდნენ. ზურაბა ბევრს აქილიკებდა მცხეთელებს, იოანემ კი უამრავი სიანტერესო შეიტყო და ისიც გაიგო, თუ რას ნიშნავდა „კარის დამცხეთურება“. მერე მოგზაურებმა გეზი კახეთისკენ აიღეს, სადაც ხაშმის მონასტერში პირჯვრის ღვინოც გასინჯეს, გომბორიც გადაიარეს და ჩავიდნენ თელავს, იოანეს საყვარელ ქალაქს, სადაც ის, ბიჭობისას სემინარიაში სწავლობდა.


მეფე ერეკლეს ბავშვობიდანვე მცნობმა იოანემ თელავში თავისი აღმზრდელი, სემინარიის განთქმული დავით რექტორი მოინახულა, დაესწრო სემინარიის დახურვის ცერემონიალს და მატანისკენ გასწია, რათა მონასტრისთვის ღვინო ეთხოვა ჩოლოყაანთ კარზე. იქედან კი მოკალმასენი ფშავში ავიდნენ, სადაც კეთილი დახვედრა და საკალმასო შესაწირიც მიიღეს იქაურებისგან.


იოანე და ზურაბა კვლავ კახეთში არიან და სოფელ-სოფელ მოარულნი იმ პატივს იმკიან, იოანეს მიერ ალავერდში მამხილებელ ქადაგებას რომ მოჰყვა. თუმცა, შარი და უთანხმოებაც ყოველთვის თან სდევთ.


მოგზაურები განთქმულ ისტორიულ პირს, გარსევან ჭავჭავაძეს გადაეყრებიან, რომელსაც იოანე ხელაშვილი  მოურიდებლად ამხელს, როგორც მომხვეჭელსა და  სამეფო კარის გამყიდველს, პასუხად კი მუშტებს მიიღებს. იქავე, ატყდება დავა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამო.


გურჯაანში იოანე და ზურაბა კეთილ კაცს, ზაქარია ანდრონიკაშვილს შეხვდებიან, მერე კი ნინია ჩოლოყაშვილისას შეივლიან, რომელიც სახელმწიფო  სამსახურში ისეა ჩაბმული, რომ  ავადმყოფი ცოლი ვერ მოუნახულებია ცხინვალში.


მომქანცველი მოგზაურობის შემდეგ იოანე მშობლიურ ვაქირს უწევს, სადაც ორიოდ ბედნიერ დღეს გაატარებს ნათესავებთან ერთად, იქედან კი სიღნაღში მოემგზავრება. სიღნაღში მოგზაურები თავად წიგნის ავტორს, იოანე ბატონიშვილს გადაეყრებიან და ქვათახეველ წინამძღვარსაც ნახავენ. ყველანი წინასაომარ სამზადისში არიან ჩართულნი.


იოანე და ზურაბა სიღნაღიდან თბილისის გზას დაადგებიან. ქართლში კი იმ დროის განთქმული მასხარას, ოთარიკას მასპინძლობას იგემებენ, რომლის უხამსი ოინების სმენაც ზურაბას ახალისებს.


თბილისისკენ ოთარიკასთან ერთად მომავალ იოანესა და ზურაბას გზად მსრბოლნი წამოეწიენ, რომლებსაც მეფე გიორგისთან ლეკებზე გამარჯვების ამბავი მოაქვთ. ოთარიკა მათ აედევნება, გახარებული იოანე და ზურაბა კი მხოლოდ საღამოსკენ მიაღწევენ ქალაქს, სადაც მეფესაც მოინახულებენ და იქაურ ამბებსაც მრავლად შეიტყობენ.


თბილისიდან ქვემო ქართლს წასული მოკალმასეები იქ ლეკებთან ღამის ბრძოლის შემსწრენიც შეიქნებიან და ძველ კაცს, იარალის, ზაალ ბარათაშვილს და თვით ალექსანდრე ბატონიშვილსაც გადაეყრებიან, უფრო სამხრეთით კი ისინი სომხურ მიწებსაც უწევენ, სადაც ახპატის მონასტერში მოხუც საიათნოვას გაესაუბრებიან.


თბილისში მობრუნებული იოანე კარგადაც გაილახება, თბილელ ეპისკოპოსსაც ეწვევა და ქალაქური ცხოვრების მონაწილეც შეიქნება, იმავდროულად, იმერეთში წერილების წაღებასაც დათანხმდება და გზად კავთისხევში შეივლის ქვათახეველი ბერების მოსანახულებლად.


დიდი მოგზაურობის შემდეგ იოანე და ზურაბა ქუთაისს ჩადიან და იმერეთის მეფე სოლომონს წერილებს გადასცემენ, ქუთათელ ეპისკოპოსსაც მოინახულებენ და იმერულ ცხოვრებაშიც გაერევიან.


სადადიანოში მისულნი, იოანე და ზურაბა ჭყონდიდელ ეპისკოპოსთან მივლენ, სამეგრელოს სამთავროს კარის ამბებშიც გაერკვევიან, იქედან კი გურიაში მიემგზავრებიან და ზღვას ნახავენ, იმერეთში დაბრუნებულნი კი განთქმულ პოლიტიკურ მოღვაწესთან, ზურაბ წერეთელთან მოხვდებიან, რომელიც წიგნის ავტორის სიმამრია.


აქ კი მოვიდა დასასრული იოანეს და ზურაბას მოგზაურობისა, რაც ამ უკანასკნელის თვითმკვლელობით მთავრდება. ქართლ-კახეთის სამეფოს დამხობით გულგატეხილი იოანე ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს და იმასაც აპირებს, რომ ბერად აღიკვეცოს ეჩმიაძინში, მაგრამ იქ მოხვედრილი ვაქირელები გადააფიქრებინებენ და საქართველოში აბრუნებენ, საიდანაც იოანე სამუდამოდ მიემგზავრება რუსეთს.


 

იონას საქართველო

ეპოქა

ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.