ინტოქსიკაციის ფაქტი ბაგა-ბაღებში – გამოძიება
თბილისის 20 საბავშვო ბაღში 55 მცირეწლოვნის და ერთი აღმზრდელის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. საუბარია საკვებით ინტოქსიკაციასა და ბაქტერიულ ინფექციაზე. საქმე აღძრულია 198-ე მუხლის მეორე ნაწილით – საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ჩხრეკა ოთხ ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში. მომხდარზე მოკვლევას აწარმოებს სურსათის ეროვნული სააგენტოც.
ბაგა-ბაღების ნაწილში საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის ყველა ბაღიდან დროებით ამოღებულია რძის ნაწარმის პროდუქცია. აღებულია სინჯები როგორც რძის პროდუქტებზე, ასევე ხორცის ნაწარმსა და წყალზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში იქნება. 20 ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, 7 დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. საგამოძიებო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სურსათს ეროვნული სააგენტო.