„საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ამერიკასთან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა”. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა, რომელიც ამერიკის ელჩსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გაიმართა, რა დროსაც ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა. ირაკლი კობახიძემ ამერიკაში ელჩის დანიშვნაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კანდიდატურა შერჩეულია, პროცესი დაწყებულია და დეტალური ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან #დღისთემა #LIVE