ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემოლერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრა. გადაცემა „კონფლიქტის ზონის“ წამყვანი, რესპონდენტს მოსკოვიდან მომავალ პოტენციურ საფრთხეებზე ესაუბრა, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. გოტემოლერმა ბუქარესტში, საქართველოსა და უკრაინისთვის გაცემული პირობა გაიხსენა და თქვა, რომ ეს სახელმწიფოები კვლავ რეფორმების გზაზე არიან. ნატო კი ელოდება, როდის მიაღწევენ ისინი საჭირო სტანდარტებს, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ დემოკრატიზაციის პროცესში. ალიანსი უნდა დარწმუნდეს, რომ ისინი საერთო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანისთვის მზად არიან.

გოტემოლერი აღნიშნავს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციით, 2014-ში კი ყირიმის ანექსიით, ნატო-მ სერიოზული გამაფრთხილებელი გზავნილები მიიღო, რაც საბოლოოდ ალიანსის თავდაცვის ხარჯების ზრდაში გამოიხატა. გოტემოლერის განცხადებით, ნატო-ს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან რუსეთის ყურადღების მიღმა არ რჩება, ალიანსი კი 2008 წელს, ბუქარესტში გაცემული პირობის ერთგული რჩება.