საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ფრანგულ რადიოსთან. ოჯახური და მორალური ღირებულებები, საქართველოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სასანქციო პოლიტიკა, მიმდინარე საპროტესტო აქციები – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაერთიანდეს სამი ძირითადი პრინციპის – მამული, ენა და სარწმუნოება – გარშემო. მისივე თქმით, საქართველო ტოლერანტობის განსახიერებაა და სჯერა, რომ საქართველოს მოდელი, შეიძლება, სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს. პრეზიდენტის განცხადებით, მას სჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. მისივე თქმით, საქართველო შეიძლება ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი გახდეს. მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ასევე მისივე თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით.