ინტერვიუ „ფლაიდუბაის“ მგზავრ ქართველ ექიმთან
„თაიმს ოფ ისრაელი“ აქვეყნებს ინტერვიუს „ფლაიდუბაის“ რეისის მგზავრ ქართველ ექიმ შოთა მუსაევთან, რომელმაც დანით დაჭრილ პილოტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწია. როგორც მუსაევმა ინტერვიუში აღნიშნა, როცა თვითმფრინავში რაღაც უჩვეულო შენიშნა, კაბინისკენ ერთ-ერთი პირველი გაიქცა. „თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი, საბოლოოდ, სისხლდენა შევაჩერე და წნევა დავუსტაბილურე. ძალიან რთული წუთები იყო “ – განაცხადა მუსაევმა. შოთა მუსაევი ისრაელში ჩინეთიდან ბრუნდებოდა. „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავის მგზავრები ისრაელში ჩავიდნენ. საუდის არაბეთიდან ისრაელში მგზავრები მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პილოტებს შორის ჩხუბის გამო, თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელში ჩასვლის შემდეგ, დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკომპანია „ფლაიდუბაის“ განცხადებით, ინციდენტის ნამდვილი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან, ავიაკომპანია დუბაი-თელ ავივის რეისებს დროებით აჩერებს, სანამ მომხდარი ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დუბაიდან-თელ ავივისკენ მიმავალ რეისზე, მეორე პილოტმა კაპიტანი დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.