ინტერვიუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში დაგეგმილ და შემდეგ გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. ის ამბობს, რომ მიიღო წერილი სამი ოპოზიციური პარტიისგან, სადაც გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე, რაც მათ შორის დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას შეეხებოდა, არ ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსვლას. კაუმას განცხადებით, „ამ ეტაპზე, ცხადია, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. თუმცა, მინდა ასევე დავამატო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ და მზად იყვნენ ჩვენთან შესახვედრად და ODIHR-ის რეკომენდაციების განხილვაზე სასაუბროდ“. კაუმას თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას“.

„რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, – მსგავსი ანგარიში ფინეთზე რომ გამოქვეყნებულიყო რა პოზიცია გექნებოდათ? –  კაუმა პასუხობს, რომ მაშინაც დიალოგს დაუჭერდა მხარს.

„ვფიქრობ, ეს ყოველთვის კარგი მიდგომაა. რაც ახლა საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს, არის ის, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთისგან ასე შორს არიან და მათი შეხედულებები ძალიან განსხვავებულია. ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ვინმეს შუამავლობა გაეწია ან დიალოგი გაემარტივებინა მხარეებს შორის“.

რაც შეეხება კითვას, – იყო თუ არა საქართველოში ჩატარებული არჩევები თავისუფალი და სამართლიანი, –  კაუმა პასუხობს:  „უნდა გაგაწბილოთ – არჩევნების შეფასებისას ეუთო ზოგადად „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ტერმინს არ იყენებს**. ჩვენ ვაფასებთ, იყო თუ არა არჩევნები კონკურენტული და ჰქონდა თუ არა ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა, თავისუფლად ჩაეტარებინა კამპანია“, – აცხადებს პია კაუმა.