ინტერნეტის კონტროლი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების შესახებ დადგენილება მიიღო.

კომისიის ინფორმაციით, ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს. ამასთან, მათ საშუალება მიეცემათ, შეამოწმონ, რამდენად აკმაყოფილებს პროვაიდერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე, თავად დააკვირდება პროცესს და   დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს.