ინიცირებული კანონპროექტი და შეჩერებული განხილვა

ექსპორტის მიზნით კანაფის წარმოების ინიციატივა უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

სასულიერო პირების მწვავე პროტესტის შემდეგ პარლამენტმა პროექტის განხილვა გადადო. მმართველი გუნდის ლიდერები უკვე დღეს არ უარყოფენ, რომ ინიციატივის წარდგენის დროს საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა იყო.

მოსალოდნელ რისკებზე საუბრობს იუსტიციის მინისტრიც, რომელიც მთავარ გამოწვევად წარმოებული კანაფის ქართულ ბაზარზე შესაძლო მოხვედრის საფრთხეს ასახელებს.

საპატრიარქოს ნეგატიური პოზიციის, პატრიარქის მოწოდების და ოპოზიციის კრიტიკის ფონზე „ქართული ოცნება“ სადავო კანონპროექტის გარშემო კონსულტაციებს იწყებს. არ არის გამორიცხული, რომ ინიციატივა საერთოდ უკან გაიწვიონ.