ინიციატივა არჩევნების ელექტრონულად ჩატარების შესახებ

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, არჩევნების ელექტრონულად ჩატარების შესახებ, პოზიტიურად აფასებს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს კითხვები მაინც რჩება. მათი თქმით, დასაზუსტებელია გარკვეული საკითხები, ასევე აქვთ საკუთარი ინიციატივებიც, რომელიც, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმდეს.

ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს მხოლოდ ელექტრონული აპარატურის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს და აუცილებელია, აღმოიფხვრას ამომრჩევლის მოსყიდვისა და სისტემური ზეწოლის პრაქტიკა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ არსებული ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიების პირობებში, გაყალბების რისკი ისევ არსებობს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.