ინფრასტრუქტურული სამუშაოები წალენჯიხის რაიონში
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო-სოციალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილებას, ისე საჯარო სერვისებს. სამეგრელოში ინტენსიურად მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის 7 კმ-მდე მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წალენჯიხაში, წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, 6300-მდე მომხმარებელი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მინისტრი ასევე გაეცნო სოფელ ობუჯში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს. მუნიციპალური განვითარების ფონდი წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი, 600-მოსწავლიანი შენობის პროექტირებას იწყებს.