ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ მაჩხაანში

15:20, 18.08.2026

სოფელ ქვემო მაჩხაანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დილიდან სოფლის ისტორიული ობიექტები დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები უნდა დაიწყოს. პროექტი მოიცავს ქვემო მაჩხაანის ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, მათ შორის ღობეების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სკვერების გაკეთებას.

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტირება ორ ეტაპად განხორციელდება, აღსანიშნავია, რომ საპროექტო დავალების შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებზე სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით განხორციელდება. ქვემო მაჩხაანი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიული სოფელია, რომელიც ძველი განაშენიანებითა და XIX საუკუნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით გამოირჩევა. სოფელში შემორჩენილი ისტორიული შენობა-ნაგებობები და ქიზიყისთვის დამახასიათებელი კულტურული გარემო მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს ქმნის.

მსგავსი