ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ერისიმედში
სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინეს არსებული საჭიროებები და დეტალურად ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სოფლის აღდგენისა და განვითარების მიზნით განხორციელდება. შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ. მათ შორის, ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა და ერისიმედის ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი აღდგენა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სოფლის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.