ინფრასტრუქტურული სამუშაოები

მდინარე მტკვარზე 389 მეტრის სიგრძის ხიდის მშენებლობა და ქსანი-სასხორის გზის რეაბილიტაცია იწყება.

პროექტის მიხედვით, მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონის სატრანსპორტო კავშირი უნდა გაუმჯობესდეს, შემცირდეს მანძილი რეგიონებს შორის და განიტვირთოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. დღეს პროექტის დეტალებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. რევაზ სოხაძე კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის 10-ზე მეტი პროექტი ერთდროულად ხორციელდება, რომელთა უმეტესობა 50-დან 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. სოფელ იგოეთში მიმდინარეობს 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა, ქარელის №1 საჯარო სკოლასა და სოფელ აგარის 500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში კი – სრული რეაბილიტაცია. შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს ასევე წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტები. ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქ კასპში, ქარელში, გორში და სოფლებში – იგოეთსა და მრგვალ ჭალაში.