ინფრასტრუქტურული სამუშაოები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის, ქარელის და მცხეთის სკოლების მშენებლობა – რეაბილიტაციის პროექტებს ახორციელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის სკოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და საჭირო ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ქარელის №2 და გორის №4 სკოლების მონახულების შემდეგ მათი მშენებლობა-რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს; სოფლების მოხისისა და უფლისციხის სკოლების აღდგენის პროცესი კი – უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით კი, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სკოლის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.